საქართველოს მეგობართა ჯგუფმა შვედეთში მიმდინარე ეუთო-ს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში 2021 წლის 3 დეკემბერს საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო.
განცხადებაში ხაზგასმულია მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შეშფოთებაა გამოხატული რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო.
განცხადებაში მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.
განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გამო. ასევე დაგმობილია რუსეთის მხრიდან საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენა, ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთებზე და საქართველოს სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარის შემადგენლობაში მიერთება.
მეგობარი ქვეყნები შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის გამო და ასევე საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გამო, რაც დე-ფაქტო ანექსიად არის შეფასებული.
განცხადებაში საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილებაზე და საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, მისცეს იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება.
ამასთან, განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური დისკრიმინაციის გამო და ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი წვდომა საქართველოს ამ რეგიონებში.
განცხადების ავტორები გმობენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების მონტაჟს და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას. გამოხატავენ შეშფოთებას დაკავებების გამო და მოითხოვენ ირაკლი ბებუასა და სხვა თვითნებურად დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
განცხადებაში დაგმობილია საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობები და ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, აღმოფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება, დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად.
ამ კონტექსტში მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება.
განცხადებაში მხარდაჭერილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები (GID), როგორც მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული გამოწვევების მოსაგვარებლად და ხაზგასმულია პროგრესის აუცილებლობა მოლაპარაკებათა ძირითად საკითხებზე. მეგობარი ქვეყნები ასევე მხარს უჭერენ ერგნეთში და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს და მათ როლს, კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
განცხადებაში დადასტურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიმართ ურყევი მხარდაჭერა და ხაზგასმულია მისიის მანდატის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს გავრცელების აუცილებლობა.
მეგობართა ჯგუფი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის” შემუშავების დაწყებას. ასევე გამოხატულია მხარდაჭერა სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” მიმართ.
ხელმომწერნი მოუწოდებენ ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ გადაწყვეტილება აღდგეს საქართველოში ეუთო-ს მისია, რაც მნიშვნელოვნად განამტკიცებს ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ასევე ნდობის განმტკიცების პროცესში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი 2014 წელს შეიქმნა და მას მერე ყოველ წელს იღებს განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს ეუთო-ში საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის თვალსაზრისით, რუსეთის ვეტოს უფლების მიუხედავად. 2021 წელს, მეგობართა ქვეყნების ჯგუფი 17-მდე გაიზარდა და მას სლოვაკეთი და ისლანდია დაემატა.