არასამთავრობო ორგანიზაციები არ პასუხობენ კითხვას – შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია.
ამ კითხვით „ქრონიკამ“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა, თუმცა, ვერც ერთისგან პასუხი ვერ მიიღო.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი მიზეზად იმას ასახელებს, რომ სააკაშვილის საქმეებს ამონიტორებს და ვიდრე არ დასრულდება, კომენტარს ვერ გააკეთებს.
მისივე თქმით, საქმეს არ იცნობს, რადგან ამის უფლება არ აქვს და მხოლოდ ის იცის, რაც პროცესზე ხდება. გარდა ამისა, განცხადების შეფასების შემთხვევაში მის შინაარსში შევა, რასაც ორგანიზაციის მეთოდოლოგია უკრძალავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ „ქრონიკას“ არ უპასუხა, მისი პიარსამსახურის თანამშრომლის თქმით კი, ორგანიზაცია კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ მუშაობს, ამ საქმეს არ იცნობს და მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს.
სატელეფონო ზარებს და მესიჯებს არ პასუხობენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი, ასევე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).