პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ერთმა და უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, უკანონოდ გადაყვანას აპირებდნენ, რისთვისაც მას 5500 აშშ დოლარი გამოართვეს.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სამივე ბრალდებული დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 18.344 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Back to top button