ჯიღაურაში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“ გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე  წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის უნიკალური თვისებების შესახებ უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებები, რაც უმნიშვნელოვანესია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, აგრარული სექტორის მდგრადობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის,  ნუტრიციოლოგიის და    სასურსათო უზრუნველყოფის კონტექსტში.

„ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას დიალოგისთვის და ხაზს უსვამს, რომ ქართული ხორბლის სახეობებს და ჯიშებს აქვს პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი საკვანძო პროდუქტი ჯანსაღი და მდგრადი კვების სისტემაში“ ,- აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კვლევების ჩატარების ინიციატორებს, ორგანიზატორებს და მასში ჩართულ ყველა მხარეს. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, კვლევები ქართული ხორბლისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

კონფერენციის ფარგლებში, საჯარო გახდა იმ კვლევის შედეგები, რომელიც ქართული ხორბლის 5 ენდემური  სახეობისა და 7 ადგილობრივი ჯიშის ნუტრიენტული შემცველობის ფართო სპექტრს ეხება. აღნიშნული კვლევები, რომლის  ინიციატივა ეკატერინა ხვედელიძეს და ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნით, ავსტრიის თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტების შესაბამის  წამყვან ლაბორატორიაში ჩატარდა; ფინანსური მხარდაჭერა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუ“ უზრუნველყო.

„ქართული ხორბალი, ქვეყნის მატერიალური მემკვიდრეობის ნაწილი, უმდიდრეს აგრონომიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ძირითადი სამიწათმოქმედო კულტურაა,  რომლის წარმოშობის ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის.    ქართული  ენდემური სახეობები ხორბლის მსოფლიო ჯიშური მრავალფეროვნების საუკეთესო  სასელექციო მასალას წარმოადგენენ.  უახლესი ინტერდისციპლინური  კვლევებით დასტურდება მათი უნიკალური ნუტრიციული ღირებულებები, როგორც   ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის, სასურსათო უზრუნველყოფის  და მდგრადი კვების სისტემების ძირითადი კომპონენტი. მიმდინარე  კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები და საჯარო დისკუსიები ქართული ხორბლის უნიკალური თვისებების სხვადასხვა ასპექტს შეეხო და ქართული ხორბლის ახალი რეალობა დაადასტურა“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო, სასწავლო, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სურსათისა და ჯანდაცვის სფეროს, ხორბლის, პურის მწარმოებელთა და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები.

ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“      საქართველოს პარლამენტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“,  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ნუტრიციოლოგიისა და სურსათის მეცნიერებების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

Back to top button