
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 30 მოქალაქის გაძევება განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: ინდოეთის, თურქეთის, ირანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, რუსეთის, ბელარუსის, ერაყის, იორდანიისა და ლიეტუვის მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – აღნიშნავენ შსს-ში.