
„ვარ ბაღდათელი, ამასთან ერთად, ამ 8-წლიანი გამოცდილებით, 2017 წლიდან, უფრო სიღრმისეულად გავიცანი მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის საჭიროებები. თითოეული ბაღდათელისთვის ჩვენი კარი ღია იყო, აქტიურად ვუსმენდით თითოეულ მათგანს, ახალგაზრდობასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა. ამ გამოცდილებამ დამიგროვა ცოდნა, უნარები, რომელიც სჭირდება ბაღდათს და მის პრობლემატურ საკითხებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ განაცხადა.
მან ისაუბრა მუნიციპალიტეტის განახლებულ ინფრასტრუქტურაზე, სკოლების და ბაღების აშენებასა და რეაბილიტაციაზე, გამწვანებაზე, ასევე აღნიშნა, რომ მოეწყო ტურისტული სივრცეები.
„ბაღდათის ინფრასტრუქტურა, ფასადები, განახლებული შენობები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სკვერები – ამასთან ერთად, არამარტო ქალაქის ცენტრები გალამაზდა, გალამაზებულია ქალაქის გამწვანება, რაც თვალშისაცემია. რამდენიმე სოფელში მოეწყო „სტოპ დრაივები“, ტურისტული სივრცეები. ტურიზმის ინფრასტრუქტურის კუთხით, დაახლოებით 14 ღვინის მარანთან მისასვლელი გზები იქნა რეაბილიტირებული, აშენდა არაერთი საბავშვო ბაღი, განხორციელდა სკოლების რეაბილიტაცია, რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგიძემ.
მისი თქმით, ბაღდათის გამოწვევა ყოველთვის იყო სასმელი წყალი, უახლოეს მომავალში კი, მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა მოიხსნება, ვინაიდან 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება.
როგორც გიორგაძემ აღნიშნა, გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურისტული პოტენციალის განვითარება.
„ბაღდათის მთავარი გამოწვევა ყოველთვის იყო სასმელი წყლის პრობლემა. აქტიურად მიმდინარეობს სასმელი წყლის, ამასთან ერთად, წყალარინებისა და სანიაღვრე არხების სისტემების მოწყობას. უახლოეს მომავალში ბაღდათი უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი სასმელი წყლით. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აუცილებლად გაგრძელდება, გვინდა, რომ როგორც ქალაქის, ისე სოფლების იერსახეზეც ვიზრუნოთ. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ტურიზმის, ტურისტული მიმართულებების გაძლიერება, რადგან ბაღდათს აქვს ამის პოტენციალი. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ყოველთვის მჭიდრო კავშირი გვქონდეს ახალგაზრდებთან, ვიფიქროთ მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებაზე“, – განაცხადა ნოდარ გიორგიძემ.