შერიგების დიადი იდეით გამოვიდნენ მაშინ, როცა ყველაფერი წააგეს, არეულობის ყველა სქემა ჩავარდა. ყველაფერი იკადრეს და როცა ზუსტად მიხვდნენ, რომ არანაირი შანსი აღარ აქვთ, ააფრიალეს თეთრი დროშა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მათთვის თეთრი დროშა პიარულად იყო ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელი ჟესტი. ეროვნულ თანხმობაზე ვსაუბრობთ და ხელისუფლება არ გვირიგდება? რა საშინელი ხალხი ხართ „ქართულ ოცნებაში“, რომ ამას არ ეთანხმებით! ოღონდ შერიგების წინაპირობად წამოაყენეს ის, რომ მიშა უნდა გამოვიდეს ციხიდან და უნდა ეპატიოს ყველაფერი. პატიობს თუ არა მას ხალხი, რას ფიქრობენ დაზარალებულები? ათი ათასობით ადამიანმა გაიღვიძა ერთ დღეს და მოუნდათ, სახელმწიფოსთვის ეჩუქებინათ ქონება. ამაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება. ცდილობენ, რომ გცემონ, ზიანი მოგაყენონ, მოგატყუონ, გაგაშავონ – ყოველდღიურად სამი ტელევიზია მთელი ძალით ამაზე მუშაობს. არ არსებობს მათთვის წითელი ხაზი – ნებისმიერ რამეს კადრულობენ და როცა მიხვდნენ, რომ ამან შედეგი არ გამოიღო, თქვეს, მოდით, შევრიგდეთო“, – აცხადებს მდინარაძე.