მემარცხენე ალიანსი: სიცრუეა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს წაადგება. ჩვენ ევროკავშირში არავინ გვეპატიჟება, ეს თავად საფრანგეთის პრეზიდენტმაც თქვა

„აბსოლუტური სიცრუეა ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს წაადგება როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ისევე როგორც სიცრუეა ზოგადად ამ პერსპექტივის არსებობა. არავინ ჩვენ ევროკავშირში არ გვეპატიჟება, ეს თავად საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, როდესაც ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობაზე მიანიშნა, თუმცა პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ხვალვე რომ მიგვიღონ ევროკავშირში, ჩვენ თავად უნდა ვთქვათ უარი დაქცეული და ჩამოშლილი კავშირის წევრობაზე“- ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის „მემარცხენე ალიანსი“ წარმომადგენლებმა კახა ძაგანიამ და სოსო შატბერაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს და აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადეს.

„ევროკავშირის ეკონომიკა დღეს რეცესიას განიცდის, მაშინ როდესაც საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. რუსეთ – უკრაინის ომის მიმართ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მიდგომების ცვლილებამ, კერძოდ ომის დაფინანსების მთლიანად ევროპის ვალდებულებად ქცევამ – კიდევ უფრო დაამძიმა გაერთიანების მდგომარეობა. თუ ომი გაგრძელდება, მისი დაფინანსება თავიდან ბოლომდე ევროკავშირს მოუწევს, ხოლო თუ ომი დასრულდება, დანგრეული უკრაინის აღდგენა სწორედ რომ ევროკავშირს დააწვება ტვირთად, პარალელურად ეკონომიკურად დაქცეულ მოლდოვასაც მიიერთებენ და ეს კიდევ უფრო დამატებით წნეხად დააწვება გაერთიანების ეკონომიკას.

აღარაფერს ვამბობთ იმ სულიერ და მორალურ დეგრადაციაზე, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხდება. ხელოვნურმა მიგრაციამ, ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდამ და ანტიეკლესიურმა ფსევდო ლიბერალურმა „ღირებულებებმა“ ერთ დროს მართლაც საოცნებო ევროკავშირი ბინძურ ჭაობად აქცია, საიდანაც წევრ ქვეყნებსაც კი სურთ თავის დაღწევა… დღეს ფეხქვეშ არის გათელილი ევროკავშირის შექმნის მთავარი პრინციპი – ქრისტიანული ღირებულებები. ამ მხრივ გერმანიის მაგალითის მოყვანაც კი საკმარისია, სადაც თუ ოდნავ მაინც გააკრიტიკე, თუნდაც კითხვა დასვი ლგბტ იდეოლოგიის თაობაზე, პირდაპირ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ და პატიმრობას შეგიფარდებენ. ამის პარალელურად – თუ ღია და მკაფიო მხარდაჭერა გამოხატე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების მიმართ – ესეც სისხლის სამართლის საქმის დაწყებით და პატიმრობით დასრულდება“-ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button