
საბერძნეთში ასობით სკოლა იხურება დემოგრაფიული მაჩვენებლის ვარდნისა და შესაბამისად, მოსწავლეთა რიცხვის შემცირების გამო. საბერძნეთის განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, 13 478 სკოლიდან 721 დაიხურება მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. ეს ციფრი წლების განმავლობაში იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემა Greekreporter-ის ცნობით, მოსწავლეების კლება ყველაზე თვალსაჩინოა დაწყებითი განათლების საფეხურზე, რაც უმეტესი სკოლების დახურვის მიზეზია. მაგალითად, დაწყებითი სკოლებისა და საბავშვო ბაღების რაოდენობა, რომლებსაც მუშაობა აქვთ შეჩერებული, სავარაუდოდ, 2025-2026 სასწავლო წლისთვის 324-ს და 358-ს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2018-2019 წლებში არსებულ რიცხვს – 247 ბაღსა და 312 სკოლას. ეს ტენდენცია ვლინდება სოფლებში, კუნძულებზე და ათენის მსგავს ურბანულ ცენტრებში არსებულ სკოლებზეც კი.
2025-2026 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 1.21 მილიონი იქნება, რაც 2018-2019 წლებთან შედარებით, 150 000 მოსწავლით ნაკლებია. სკოლა იკეტება, თუ მას 15-ზე ნაკლები მოსწავლე ჰყავს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობიდან სამი წლის შემდეგ, სკოლა სამუდამოდ უქმდება.
გამოცემის თანახმად, სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, რომლებმაც სიტუაციას „არმაგედონი“ უწოდეს, სკოლების დახურვა „საშინელ“ და გაუარესებულ დემოგრაფიულ პრობლემას ასახავს.
სკოლების დახურვა აიძულებს მოსწავლეებს, განსაკუთრებით შორეულ რაიონებში მცხოვრებლებს, ახალ სკოლაში სასწავლებლად დიდი მანძილების, ზოგჯერ დღეში 80 კილომეტრის გავლასაც.
Greekreporter-ის ინფორმაციით, სკოლების დახურვა საბერძნეთში არსებული ხანგრძლივი დემოგრაფიული კრიზისის პირდაპირი შედეგია, რომელიც ხასიათდება შობადობის შემცირებით და მოსახლეობის დაბერებით. დემოგრაფიული კრიზისის ხელშემწყობ ძირითად ფაქტორებად, დაბალი შობადობის მაჩვენებლისა და მოსახლეობის დაბერების გარდა, გამოცემა მიგრაციასაც ასახელებს.