
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ინდოეთიდან 15 მსხვილ კომპანიას უმასპინძლა. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები.
ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს ლოპოტა სპა რეზორტის კომერციული დირექტორი მაკა ღვლივიშვილი.
„ლოპოტაზე ვმასპინძლობთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც პრემიუმ კლასის ღონისძიებების ინდოელ ორგანიზატორებს აერთიანებს, სპეციალიზებული ინდური ქორწილების მიმართულებით. ეს არ არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა აღნიშნულ სეგმენტში და ვფიქრობთ, საქართველოს პოზიციონირება, როგორც მიმზიდველი საქორწინო დესტინაცია ინდოეთის ბაზარზე კარგ შედეგებს მოგვიტანს. მოხარულები ვართ, რომ უკვე გვაქვს მოთხოვნები 2026 წლისთვის. ინდური ქორწილები, როგორც წესი, მრავალდღიან (სამდღიან) და მაღალბიუჯეტიან ღონისძიებებს მოიცავს, რაც კომერციულად ძალზედ მიმზიდველად აქცევს ამ მიმართულებას.აღსანიშნავია ისიც, რომ ინდური ქორწილები იშვიათად ემთხვევა ყველაზე დატვირთულ ტურისტულ სეზონს (ივლისი-სექტემბერი), რაც რეზორტისთვის ოპტიმალურ დატვირთულობას უზრუნველყოფს საშუალო სეზონზეც.
მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, წლევანდელი სეზონი განსაკუთრებული დატვირთულობით გამოირჩევა.
ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან“,-აცხადებს ლოპოტა სპა რეზორტის კომერციული დირექტორი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.