შატო მუხრანი: საქართველო აქტიური ხდება ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე, განსაკუთრებით ღონისძიებების მიმართულებით, რაც ძალიან კარგია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალი მიმართულების განვითარებას იწყებს.  ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ინდოეთიდან 15 მსხვილ  კომპანიას უმასპინძლა. კომპანიები საქართველოში საქორწილო ღონისძიებების ჩატარებით არიან დაინტერესებულები.

ვიზიტის ფარგლებში, ინდური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. შეხვედრის შესახებ საუბრობს  შატო მუხრანის ღონისძიებების ხელმძღვანელი თაკო შეროზია.

„ჩვენ ვუმასპინძლეთ ცნობილ ღონისძიებების ორგანიზატორებს ინდოეთიდან, მათ გავაცანით ჩვენი სასახლე, ჩავუტარეთ ღვინის დეგუსტაცია. შეხვედრაზე მათ მოვუყევით ჩვენი სერვისების შესახებ, ჩვენ ვმასპინძლობთ ქორწილებს, როგორც ქართველი სტუმრებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. წელს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი გვყავდა წინა წლებთან შედარებით,  დაინტერესება იზრდება, მათ შორის ინდოეთიდან.  ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო, საქართველო აქტიური ხდება ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე, განსაკუთრებით ღონისძიებების მიმართულებით, რაც ძალიან კარგია. ჩვენ სამომავლოდ ველოდებით ბევრ ტურისტს და ბევრ წყვილს ინდოეთიდან“,-განაცხადა შატო მუხრანის ღონისძიებების ხელმძღვანელმა თაკო შეროზიამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვა, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა, ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და ქორწილების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს დანახარჯების გაზრდას ინდოეთის ტურისტული ბაზრიდან.

Back to top button