დავით სონღულაშვილი: რეგიონებში რეგულარული შეხვედრები ჩვენი სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა.

„რეგიონებში რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს, სადაც ადგილზე ვეცნობით ჩვენი სამსახურების სამუშაო პირობებს. ასევე რეგულარული შეხვედრები გვაქვს მეწარმეებთან. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზევე ვნახოთ რა გამოწვევების წინაშე დგანან, ადგილზე გავეცნოთ ყველა იმ მოცემულობას, რომელიც როგორც რეგიონული სამსახურების ჭრილში, ასევე, სექტორთან მიმართებით არსებობს და მოვახდინოთ ოპერატიული რეაგირებები იმისათვის, რომ დარგი იყოს უფრო ძლიერი და განვითარებული.

აქტიურად ხორციელდება სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების რეგიონულ სამსახურებში სამუშაო გარემოს გაუმჯობესების პროცესი. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჩვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო და შეძლონ იმ გამოწვევებთან გამკლავება და შესაბამისი რეაგირება, რომელიც რეგიონებთან მიმართებით არსებობს.

სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია; გარემოსდაცვითი მიმართულებები ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია; შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს ორივე მიმართულებით რეგიონებში არსებული მოცემულობების და გამოწვევების გაცნობა და შესაბამის რეაგირებებზე მსჯელობა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს შეხვდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალ რეგიონულ ოფისში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში გამართულ შეხვედრებზე დავით სონღულაშვილმა ყურადღება სამსახურების გამართული ფუნქციონირებისთვის ინფრასტრუქტურის და სამუშაო პირობების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მინისტრი მცხეთა-მთიანეთში ასევე იმყოფებოდა პურ-ფუნთუშეულის საწარმოში „ფუდ ალიანსი“, ხილის გადამმუშავებელ საწარმოში „კავკასუს ორგანიკ ფრუთსი“ და შპს „ქანდა აგრიქალჩერის“ ატმის ბაღში.

Back to top button