საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოზე თანამომხსენებლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მთავრობის მეთაურმა პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებისთვის ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყო თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლებისგან მიღებული მაღალი შეფასებაც ადასტურებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს საქართველოში ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებში ევროპის საბჭოს აქტიურ ჩართულობას, რაც ხელს უწყობს საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების პროცესს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს – „კონფლიქტი საქართველოში”, ასევე საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის თანამომხსენებლები: ტიტუს კორლატეანი-რუმინეთი, სოციალისტების ჯგუფი; კლოდ კერნი-საფრანგეთი, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.