
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო.
სამომავლო გეგმების პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ.
როგორც სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მერია ხუთი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს. ესენია: ინფრასტრუქტურის პოლიტიკა, გარემოს დაცვის პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ასევე, ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მესამედ წარვდგე თბილისელების წინაშე და ვისაუბრო სამომავლო გეგმებზე, იმ პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, პატივთან ერთად, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც პირადად მე და ჩემს თანაგუნდელებსაც კარგად გვაქვს გააზრებული. კარგად ვიცით, თუ რა სჭირდება ჩვენს ქალაქს და რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლების განმავლობაში, რათა ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს.
ჩვენ შემოვიფარგლებით ხუთი ძირითადი მიმართულებით. ესენია: ინფრასტრუქტურის პოლიტიკა, გარემოს დაცვის პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკა, ასევე, ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა. სამომავლო გეგმების გაცნობას ვიწყებთ ინფრასტრუქტურის პოლიტიკის პრეზენტაციით, რადგან ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმს სწორედ გამართული ინფრასტრუქტურა ქმნის. ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს ქალაქის წინსვლასა და აღმშენებლობას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რეაბილიტირებული გზები, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ახალი კომუნიკაციები კავშირშია ტურიზმის ზრდასთან, ბიზნესის განვითარებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან.
„ინფრასტრუქტურა იქმნება არა მხოლოდ ქუჩებისთვის ან შენობებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რათა ვიცხოვროთ მოწესრიგებულ, კომფორტულ გარემოში. ამასთან, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ წინსვლასთან. რეაბილიტირებული გზები, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ახალი კომუნიკაციები კავშირშია ტურიზმის ზრდასთან, ბიზნესის განვითარებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ვარ არა მხოლოდ მოწმე, ან მონაწილე, არამედ გადაწყვეტილებების მიმღები იმ ცვლილებების, რაც ბოლო წლებში განიცადა ჩვენმა ქალაქმა. მოსახლეობა კარგად ხედავს, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი დედაქალაქი უკეთესობისკენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მიმართულებით. ძალიან მიხარია, როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით მოქალაქეებს და ისინი მადლიერებას გამოხატავენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალაქში ყველაფერი მოწესრიგებულია და ვერ ვხედავთ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში განსაკუთრებული ადგილი უკავია გზების მოწესრიგებას, რეაბილიტაციასა და განახლებას.
„დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი მსხვილი პროექტები, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია გზების მოწესრიგებას, რეაბილიტაციას, განახლებას. 21-ე საუკუნე, სხვა გამოწვევებთან ერთად, სწორედ მოწესრიგებული ქუჩებისა და გადაადგილების ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურის შექმნას გვავალდებულებს. ყურადღების მიღმა არ დაგვრჩება ხიდების, გვირაბების მშენებლობა და გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს.
რაც მთავარია, ნებისმიერი ტიპის სამუშაო ჩატარდება უმაღლეს დონეზე – პირველ რიგში, მოწესრიგდება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები და შემდეგ მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, რათა ჩვენს მიერ გაწეულმა სამუშაომ ათეულ წლებს გაუძლოს. კარგად გვესმის, რომ მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თან ახლავს ძალიან დიდი დისკომფორტი, ხმაური, მტვერი, იქმნება გადაადგილების პრობლემა, მაგრამ სხვაგვარად საქმის ხარისხიანი შესრულება ვერ ხერხდება. შედეგი, რომელსაც ვიღებთ, მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის”, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, მომდევნო წლებში კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალაქის ისტორიული არეალების შენარჩუნებისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებას.
„ძალიან დიდი სიმდიდრეა ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს განსაკუთრებულ პეწს სძენს და მსოფლიოს სხვა ქალაქებისგან გამოარჩევს. ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით კარგი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ცხადია, ეს საკმარისი არ არის.
ქალაქის იერსახის შენარჩუნება და გალამაზება წარმოუდგენელია სისუფთავის შენარჩუნებისა და წესრიგის დაცვის გარეშე. ამ მიმართულებით, როგორც იცით, 24-საათიან რეჟიმში შრომობენ „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები, რომელთაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ქალაქში სისუფთავე პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თბილისი იყოს ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული ქალაქი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერში მოსახლეობამაც შეგვიწყოს ხელი, რათა ერთდ მოვუაროთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზეც.
„როგორც იცით, ქალაქის განვითარებისა და მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობაზე. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გავააქტიურეთ, რათა ჩვენს პატარებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, განათლება მიეღოთ უსაფრთხო, მოწესრიგებულ და კომფორტულ გარემოში.
განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენი გამგეობების მუშაობასა და მათ მიერ დაგეგმილ პროექტებზეც. როგორც იცით, თბილისის ათივე გამგეობა ახორციელებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის” პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, აღნიშნული პროგრამა ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება 250 000 000 ლარით”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ აქვე, საკუთარ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც ინფრასტრუქტურის მიმართულებას კურირებს, მადლობა გადაუხადა. მერმა მადლობა გადაუხადა ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც სწორედ ინფრასტრუქტურის მიმართულებას კურირებს და მისი თაოსნობით, ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი და რთული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამშრომელს, რადგან ნამდვილად არ არის მარტივი 24-საათიან რეჟიმში, ყოველდღიურად ემსახურო შენს ქალაქს. სხვანაირად წარმოუდგენელი მეჩვენება იმ ამბიციური გეგმების განხორციელება, რომლებიც გვაქვს დაგეგმილი. როდესაც ვხედავთ მოსახლეობის მხარდაჭერასა და თანადგომას, ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი მოტივაციაა, რომ ვიშრომოთ თავდაუზოგავად და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სამომავლო გეგმების პრეზენტაციას თბილისის მერიისა და საკრებულოს, ასევე, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.