ლევან ხაბეიშვილთან ერთად სუს-ის თანამშრომლებმა მურთაზ ზოდელავაც დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ამავე პარტიის  წევრი მურთაზ ზოდელავაც დააკავა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დაკავებულია მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი, ზოდელავამ კი, აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სსკ-ის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად და პრიორიტეტულად გააგრძელებს ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს იმ დანაშაულების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, რომელიც მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ატარებს კორუფციულ ხასიათს“, – აცხადებენ სუს-ში.

Back to top button