
„ჩინეთი ჩვენთვის მიმდინარე წელს მთავარი პრიორიტეტული, ახალი სამიზნე ქვეყანაა ტურიზმისა და ავიაციის კუთხით, გამორჩეულად საინტერესო მიმართულება”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის 2023 წელს გაფორმებულმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებამ და უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ დიდი სტიმული და ხელშესახები შედეგები მოუტანა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილი ხაზს უსვამს ჩინეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლების საჭიროებას.
„პირველ რიგში, ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შესახებ ორი ქვეყნის მხრიდან. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე ძალიან მალე უზრუნველვყავით მეორე ავიაკომპანია „ეარ ჩაინას” შემოსვლა საქართველოს ბაზარზე. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ცნობადობის ამაღლება ჩინეთში, ამისთვის წინა წლების განმავლობაში კეთდებოდა სამუშაოები, მაგრამ არა ამ მასშტაბურობით”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ჩინეთში საქართველოს პოპულარიზება ყველაზე მოცულობითი მარკეტინგული მიმართულებით მიმდინარეობს, ასევე ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად გეგმავს კერძო სექტორთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობას.
„თავად უნდა გავუწიოთ ორგანიზება ჩინურ და ქართულ ბიზნესებს შორის მჭიდრო კავშირების გაჩენას, რათა კერძო სექტორმა ჩვენთან ერთად უზრუნველყოს მეტი ჩინელი ტურისტის მოზიდვა. საერთაშორისო ტურიზმის სექტორში ჩინეთი არის გამორჩეულად მზარდი ქვეყანა, ჩინელი ტურისტები გამოირჩევიან ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლივობით და მსყიდველუნარიანობით. რა თქმა უნდა, ეს მოემსახურება ჩვენი ქვეყნის დივერსიფიცირების პოლიტიკას და სექტორის მდგრად განვითარებას”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.