
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს ყველა ეკონომისტს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს პრაქტიკულ თუ სამეცნიერო საქმიანობაში.
ამ დღეს საქართველოში 1999 წლიდან, სექტემბრის თვის ყოველ მეორე პარასკევს, აღვნიშნავთ და ამით ერთგვარად პატივს მივაგებთ ჩვენი დიდი წინაპრების ღვაწლს საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში. 1918 წელს, როდესაც ჩვენი ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, გამოიცა პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის “საქართველოს ეკონომისტის” პირველი ნომერი.
დღეს საქართველო გამოირჩევა მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრებით, თბილისსა და სხვა საუნივერსიტეტო ქალაქებში წარმატებით ფუნქციონირებს სამეცნიერო ეკონომიკური კათედრები და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო ეკონომიკური პროგრამები. ამასთან, სახელმწიფო და საერთაშორისო სტიპენდიით მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობენ ეკონომიკურ დისციპლინებს ქართველი სტუდენტები.
ჩემთვის, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის, ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ვხელმძღვანელობ უწყებას, რომელსაც, კანონის შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვებისა და მიზნების შემუშავება და განხორციელება ევალება და რომელიც ფარავს ეკონომიკური განვითარების მიმართულებების ფართო სპექტრს. ჩვენს სამინისტროში, ისევე როგორც მთლიანად საჯარო სექტორში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის ეკონომისტები, ასევე მინდა გამოვყო ბიზნესსა და სამეცნიერო საზოგადოებაში დასაქმებული ეკონომისტები, რომლებსაც თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
დღეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად და ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს ეკონომისტებს ნამდვილად ბევრი სამუშაო გვაქვს სტრქუტურული რეფორმების განხორციელების, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განვითარების, ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვისა თუ სავაჭრო ინტეგრაციის ზრდის მიმართულებით, რაც ასევე წარმოადგენს პატივსა და შესაძლებლობას ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის საერთო საქმეში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს,” – ნათქვამია მილოცვაში.