ქარელის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი სრულად რეაბილიტირებულ სკოლაში დაიწყეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქარელის მუნიციპალიტეტის ახლად რეაბილიტირებული N1 საჯარო სკოლა გახსნა და სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მინისტრის მოადგილემ მათ წარმატება უსურვა და ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

სკოლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა 800 მოსწავლეზეა გათვლილი. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი და გარე მოედანი. პრაქტიკული და კვლევითი სწავლისთვის მოეწყო ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები.

აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) – ,,თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამის‘‘  ფარგლებში,  სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებას დაიწყებს პროფესიული სასწავლებელი ორი მიმართულებით: კონდიტერია და გრაფიკული დიზაინი.

პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 6 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს.

Back to top button