ლევან მაჭავარიანი ხელისუფლების დამხობის მოწოდებებზე: რაღაცა ტიპის ქაოსს შემოიტანენ, თუმცა, სახელმწიფო დგას ძალიან მყარად, მით უმეტეს, სამართალდამცავი ინსტიტუტები და არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლების დამხობის მოწოდებებს ეხება. ის შეეხო მათ მიერ დაგეგმილ 4 ოქტომბრის აქციასაც და განაცხადა, რომ ოპოზიციას „არაფერი გამოუვა, რადგან სახელმწიფო დგას მყარად“.

მან, ასევე, ისაუბრა „ლელოს“ განცხადებაზე, რომელიც უერთდება 4 ოქტომბრის აქციას და განაცხადა, რომ ისინიც ვერ ელევიან რადიკალურ ხაზს და უფრო მეტ ფსონს აკეთებენ რადიკალური სცენარის განვითარებაზე.

„რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერს არაფერი გამოუვათ მიუხედავად იმისა, რომ მოდუნების საშუალება არავის გვაქვს და რაღაცა ტიპის ქაოსს შემოიტანენ. თუმცა, სახელმწიფო დგას ძალიან მყარად, მით უმეტეს, სამართალდამცავი ინსტიტუტები და შესაბამისად, არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას. „ლელოს“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინიც შეუერთდებიან 4 ოქტომბრის აქციას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი ვერ ელევიან იმ რადიკალურ ხაზს, რა ხაზსაც მიჰყვებიან ამ წლების განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუქცია იმგვარად არის ჩაშლილი, რომ „ლელო“ და გახარია რაღაცნაირად უნდა გამიჯნონ ამ რადიკალიზმისგან, მაინც ვერ იმიჯნებიან და საბოლოო ჯამში, იქ აღმოჩნდებიან. თან იციან, წინასწარ რა შედეგიც დადგება, კუპრაძეს რომ წარადგენენ კანდიდატად რა თქმა უნდა, წინასწარ იციან, რომ განწირულები არიან. პირდაპირ შეურაცხყოფაა თავიანთი ამომრჩევლისთვის და შესაბამისად, უფრო მეტ ფსონს აკეთებენ რადიკალური სცენარის განვითარებაზე“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Back to top button