საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას სამინისტროს განვითარების ათწლიანი სტრატეგია გააცნო. რატი ბრეგაძისა და ფიქრათ მამადოვის შეხვედრა ვენეციაში ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ფიქრათ მამადოვს ინფორმაცია მიაწოდა სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, მობილური იუსტიციის სახლების ინოვაციურ პროექტს, აგრეთვე, პრობაციისა და პენიტენციური სისტემების რეფორმას.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ფიქრათ მამადოვმა რატი ბრეგაძე აზერბაიჯანში მიიწვია.
მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში” ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. რატი ბრეგაძემ მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიღწევები და მისი სამომავლო განვითარების ხედვა გააცნო.
ორდღიანი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრები გამართა იტალიის, უნგრეთისა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებთან.
რატი ბრეგაძის ვიზიტი იტალიაში დღეს დასრულდება.