
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნაძალადევის შემდეგ, გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
კახა კალაძემ ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ დაწყებული პროექტები გაგრძელდება, რაშიც გრძელვადიან მშვიდობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ჩვენი დედაქალაქის განვითარება. ის შემოტევები, ცილისწამება, მუქარები, რაც ყოველდღიურად გვესმის გარედან, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და არავის სიამოვნებს, თუმცა ჩვენ, ჩვენი ყოველდღიურობით, გადადგმული ნაბიჯებითა და პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება” ახორციელებს, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მის ხვალინდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოპოვება არ ყოფილა მარტივი. ჩვენმა წინა თაობებმა ამ ყველაფერს ბრძოლით, სისხლით მიაღწიეს, დღეს კი ჩვენი ყოველდღიური მოქმედებებით გვიწევს მათი შენარჩუნება. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს თითის დაქნევით ელაპარაკოს. ჩვენ მეგობრებიც გვჭირდება, პარტნიორებიც, ურთიერთობებიც აუცილებელია, მაგრამ არა ისე, რომ რომელიღაცა დიდმა ქვეყანამ ჩვენ, პატარა ქვეყანას, რომელსაც უდიდესი კულტურა, წარსული, ტრადიციები გააჩნია, ზემოდან გვიყუროს და გველაპარაკოს”, – აღნიშნა თბილისის მერმა.
დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად უნდა გაგრძელდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, საბავშვო ბაღების მშენებლობა, ჯანდაცვის პროექტები და ა.შ.
„ვიღაცები გამოდიან და საარჩევნო კამპანიას გარეთ ატარებენ, იმის ნაცვლად, რომ ყოველდღიური შეხვედრები ჰქონდეთ ქართველ ამომრჩეველთან. აქ პრობლემა ისაა, რომ ჰგონიათ, ჩვენი ქვეყანა გარედან უნდა იმართებოდეს. ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა. ეს უნდა გაიგოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ თითის დაქნევით გველაპარაკონ, რადგან დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ. უდიდესი კულტურა, ტრადიციები, წარსული გვაქვს, რითაც ვამაყობთ. ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ, აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ. დღეს ემოციები გვერდით უნდა გადავდოთ და გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, ქართული საქმე. მშვიდობით მოვახერხებთ ქალაქების, სოფლების განვითარებას, იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის მნიშვნელოვანია. ვერავინ მოუვლის ამ ქალაქს ისე, როგორც ჩვენ”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მოსახლეობასთან შეხვედრას „ქართული ოცნების” თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან მაჭავარიანი და გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.