აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო 10 წელია უმაღლეს საფეხურზეა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით, უკვე მე-10 წელია ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე – „პირველ კალათაში“. 188 ქვეყნიდან მხოლოდ 33 ქვეყანაა პირველ კალათაში.

საქართველო თანმიმდევრული, კოორდინირებული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარებით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს ქმნის. სახელმწიფო მნიშვნელოვან ძალისხმევას სწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს სტაბილურად უმაღლეს შეფასებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გაძლიერებული ძალისხმევა, როგორც დანაშაულის პრევენციის, ასევე, დამნაშავეთა გამოვლენის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმძღვანელო მითითების მნიშვნელობას, რომლის თანახმადაც, ტრეფიკინგის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სავალდებულო წესით ერთვებიან.

2016-2025 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 87 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო.

ამათგან, სრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო – 35 პირის მიმართ, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143² მუხლით – 51 პირის მიმართ, ხოლო სრულწლოვნისა და არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ და 143² მუხლებით – 1 პირის მიმართ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით შექმნილია შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად განიხილავს შრომითი ტრეფიკინგის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს, მათ შორის ბავშვთა ტრეფიკინგის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებს.

საქართველოს პროკურატურა, ტრეფიკინგის დანაშაულებზე, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს.

Back to top button