საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია, იქიდან გამომდინარე, რომ ნათელია, როგორია ფონი რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებთან და განცხადებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ნატოში, – ამის შესახებ ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, მთლიანად ალიანსის წევრები, გენერალური მდივნიდან დაწყებული, ოცდაათივე წევრი ქვეყნის ლიდერებით დამთავრებული, ერთმნიშვნელოვნად და ერთხმად უჭერენ მხარს იმას, რომ საქართველომ და უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ ალიანსს შეუერთდებიან.
„არც ერთ მხარეს არ ექნება იმის საშუალება, რომ ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, საუბარი იქნება ჩვენს მომავალ თანამშრომლობასა და მის განვითარებაზე, რომელიც აისახება მადრიდის სამიტის მომზადებაში. ასევე, წინ გვაქვს თავდაცვისა და საგარეო მინისტერიალები. ახლა გავიარეთ რიგის მინისტერიალი ძალიან წარმატებით და შავი ზღვის უსაფრთხოების თემა ასევე მნიშვნელოვნად იქნება წამოწეული”, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.