ირაკლი კობახიძე: დანიაში ვიზიტისას არაერთი ქვეყნის, მათ შორის, დიდი გავლენის მქონე ქვეყნის ლიდერთან გვქონდა საუბარი და ყველგან ვსაუბრობდით ამ საერთო გზავნილით – ჩვენ გვინდა გადატვირთვა და ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსია საქართველოს საკითხის გარშემო

დანიაში ვიზიტისას არაერთი ქვეყნის, მათ შორის, დიდი გავლენის მქონე ქვეყნის ლიდერთან გვქონდა საუბარი და ყველგან ვსაუბრობდით ამ საერთო გზავნილით – ჩვენ გვინდა გადატვირთვა და ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსია საქართველოს საკითხის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქართული მხარე ნებისმიერ დროს მზადაა გახსნილი, ღია შეხვედრისთვის, ნებისმიერ ფორმატში, იმისათვის, რომ განხილულ იქნას საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები.

„ბატონ მაკრონთან ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე. რაც შეეხება შეხვედრებს, შეხვედრებს აქვს დახურული ხასიათი, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ამ შეხვედრების შინაარსზე. ძალიან კონსტრუქციული საუბრები მქონდა რამდენიმე მაღალი დონის ლიდერთან, მათ შორის, ბატონ მაკრონთან. ზოგადი სურვილი გამოიხატა არაერთი ლიდერის მხრიდან, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

დანარჩენი დამოკიდებულია ქმედით ნაბიჯებზე. ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას, ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა ყველას მიმართ, იმასთან დაკავშირებით, რომ გვსურს, ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი, დისკუსია ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის ჩვენი საერთო გზავნილი. თვითონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ კოშტასთან გვქონდა გასაუბრება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არაერთი ქვეყნის, მათ შორის, დიდი გავლენის მქონე ქვეყნის ლიდერთან გვქონდა საუბარი და ყველგან ვსაუბრობდით ამ საერთო გზავნილით – ჩვენ გვინდა გადატვირთვა და ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსია საქართველოს საკითხის გარშემო. მაგალითისათვის – ნებისმიერ დროს მზად ვართ გახსნილი, ღია შეხვედრისთვის, ნებისმიერ ფორმატში, იმისათვის, რომ განვიხილოთ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები. იმედი გვაქვს, რომ ანალოგიური ნაბიჯი გადმოიდგმება მათი მხრიდანაც”, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button