ბატონო პრემიერო, მოგესალმებით ბრიუსელში! გვაქვს პატივი, რომ ნატოსთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, წლების განმავლობაში ავღანეთში საქართველოსა და ნატოს პარტნიორობა სამაგალითო იყო, ეროვნულ ტერორიზმს ებრძოდნენ ერთად და წელს, აგვისტოში, აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
„ბატონო პრემიერო, მოგესალმებით ბრიუსელში! გვაქვს პატივი, რომ ნატოსთან საქართველოს პარტნიორობით ვიამაყოთ. ამდენი წლის განმავლობაში ავღანეთში ჩვენი პარტნიორობა სამაგალითო იყო. ჩვენ ეროვნულ ტერორიზმს ვებრძვით ერთად და წელს, აგვისტოში შევძელით ავღანეთიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოგვეხდინა. ავღანეთში ჩვენი მისია არ იყო ფუჭი, ვებრძოდით ეროვნულ ტერორიზმს, 9/11-ის მოვლენების შემდეგ, ერთად ვართ და ერთად ვაგრძელებთ ავღანეთში ტერიტორიის გათავისუფლებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ვინმემ ტერორიზმისთვის აღარ გამოიყენოს. ერთმანეთს ვაძლიერებთ, ვამყარებთ და ძალიან გვიხარია, რომ სხვადასხვა მისიებში ჩვენ თქვენთან თანამშრომლობის და მუშაობის პატივი გვქონდა”,-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს შიდა საკითხებსა და ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე ისაუბრეს.
„ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შიდა საკითხებზე, ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის, მედიის თავისუფლებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მუშაობა გაიზარდოს და ამ მიმართულებით პოლიტიკურმა განსხვავებამ და პოლარიზაციამ იკლოს. ნატო ელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიყვება და ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო დაიხვეწება”,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.