
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, საქმის მასალების თანახმად, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები.
„ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში, 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ.
სპეციალურ სამალავში აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო თბილისის მახლობლად, ტყის მასივში.
ჩვენს მიერ, ასევე, იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც ბ.ჭ.-ს შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო დეტონატორის მოქმედებაში მოყვანა. ის უკვე მოყვანილია უსაფრთხოების სამსახურში და მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს სუს-ში.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცემა ბ.ჭ., და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
„დღეს გამთენიისას ჩატარდა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი ტელეფონი, რომელსაც ის საქართველოში ყოფნის დროს იყენებდა. ტელეფონის დათვალიერების შედეგად ამოღებულია ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება – რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, სადაც ბ.ჭ., გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ პირს აჩვენებს მის მიერ შეძენილ იარაღებს, საბრძოლო მასალას და აბარებს ერთგვარ ანგარიშს აღნიშნულთან დაკავშირებით. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
ინტენსიურად ტარდება ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა/დაკავების მიზნით. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელების სახელით მადლობას გადავუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ჩატარებულ ღონისძიებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისა და გუშინდელი დღის განმავლობაში არსებული საფრთხეების უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტით აცილებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სამსახურის თითოეულ თანამშრომელს გამოჩენილი სიმამაცისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის“, – აცხადებენ სუს-ში.