ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უწყების დაარსების 32 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც სრულად დაუჭერს მხარს სამსახურის შემდგომ გაძლიერებას და წინსვლას.

„საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თქვენს უწყებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. დაარსების დღიდან სამსახურმა იკისრა მისია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს, ინსტიტუციურ სტაბილურობას და სახელმწიფოს უსაფრთხო განვითარებას. თქვენი პროფესია მუდმივ რისკებთან, უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და მოითხოვს უდიდეს დისციპლინას. თქვენ ამ მოწოდებას ყოველდღიურად უმაღლესი პროფესიონალიზმით და ერთგულებით პასუხობთ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ამ საპასუხისმგებლო გზაზე, სამწუხაროდ, თქვენმა არაერთმა თანამებრძოლმა ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი გმირი კოლეგებისა და მეგობრების ნათელ ხსოვნას. მათი სიმამაცე ქვეყნისთვის თავდადების უკვდავ მაგალითებად დარჩება. დღეს ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ, რომ უწყების ხელმძღვანელობის სწორი ხედვის, თითოეული ოფიცრის მაღალი კვალიფიკაციისა და ჩვენი მთავრობის ურყევი მხარდაჭერის შედეგად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემდგომ გაძლიერებას და წინსვლას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ. სამსახურის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ.
სამსახურის დაარსების 32 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით უწყების 32 თანამშრომელი დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაესწრნენ.

Back to top button