
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივად, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში არაერთი დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.მ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, 1981 წელს დაბადებული ა.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით, ქვეყნიდან მიმალვის მიზნით
გაემართა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ი.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.