დავით ჩიხელიძე: პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

„საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და მათთან დაკავშირებული პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეჩერების შესაძლებლობას აწესებს. კანონის მიზანი ნათელია დემოკრატიის სახელით მოქმედი ანტიკონსტიტუციური ქცევის პრევენცია და საზოგადოების დაცვა“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, ეს კანონი არის სამართლებრივი და პრევენციული მექანიზმი იმისთვის, რომ პოლიტიკურ სივრცეში დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვისთვისაც პატივია ემსახუროს სახელმწიფოს და არა პირად ან უცხო ინტერესებს.

„საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და მათთან დაკავშირებული პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეჩერების შესაძლებლობას აწესებს. კანონის მიზანი ნათელია დემოკრატიის სახელით მოქმედი ანტიკონსტიტუციური ქცევის პრევენცია და საზოგადოების დაცვა! ახალი რეგულაცია ითვალისწინებს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს პარტიის ან მისი წევრების მიერ კონსტიტუციის დარღვევას, ამ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს შეეზღუდებათ პოლიტიკური საქმიანობა: პარტიის შექმნა, წევრობა, თანამდებობის დაკავება და არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ვინც ერთხელ უღალატებს კონსტიტუციას, მას აღარ ექნება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება.

ეს მიდგომა სრულიად ლოგიკურია სახელმწიფოს არ შეუძლია დესტრუქციულ ძალებს მისცეს უფლება, იმავე ინსტიტუტების შიგნიდან დაშლა სცადონ, რომელთა წინააღმდეგ თავად იბრძვიან. პოლიტიკა არ არის „თამაში წესების გარეშე“, ის მოითხოვს იმავე სტანდარტს, რასაც სხვა პროფესიული სფეროები. თუ ექიმი სამედიცინო ეთიკას არღვევს ან პაციენტს ზიანს მიაყენებს, მას სამუდამოდ ეკრძალება ექიმად მუშაობა. თუ იურისტი ბოროტად გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას, მას ლიცენზია ეკარგება. შესაბამისად, რატომ უნდა იყოს პოლიტიკოსი გამონაკლისი, როცა ის არღვევს კონსტიტუციას, ქვეყნის უმაღლეს სამართლებრივ ჩარჩოს? სწორედ ამიტომ არის სამართლიანი, რომ პოლიტიკოსმაც, როგორც საზოგადოებრივი ნდობის მატარებელმა, ატაროს იმავე ხარისხის პასუხისმგებლობა, რაც სხვა დარგის წარმომადგენელს აქვთ თავიანთ სფეროში.

კანონი ასევე უზრუნველყოფს, რომ აკრძალული პარტიის წევრები ვერ გახდნენ ახალი პარტიის წევრები ან ფორმალური ლიდერები მათთვის დაბლოკილია ყველა გზა პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებისთვის. ეს მექანიზმი სახელმწიფოს იცავს იმ სცენარისგან, როდესაც ფორმალურად დაშლილი პარტია ფაქტობრივად განაგრძობს საქმიანობას სხვა სახელით.

საპარლამენტო გადაწყვეტილება, რომლითაც კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, შეიძლება ზოგისთვის მკაცრი ჩანდეს, მაგრამ რეალურად ეს არის დემოკრატიის დაცვა. თავისუფლება არ ნიშნავს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, სახელმწიფო, რომელიც კონსტიტუციას არ იცავს, საბოლოოდ საკუთარი საფუძვლების წინააღმდეგ დგება. ეს კანონი არის სამართლებრივი და პრევენციული მექანიზმი იმისთვის, რომ პოლიტიკურ სივრცეში დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვისთვისაც პატივია ემსახუროს სახელმწიფოს და არა პირად ან უცხო ინტერესებს“, – წერს ჩიხელიძე.

Back to top button