პრეზიდენტის რეზიდენციაში დღევანდელ ღონისძიებაში პარტიის თავმჯდომარე მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და დესტრუქციაზეა ორიენტირებული, ხოლო შერიგებაზე მათი განცხადებები არის ფარისევლობა.
„ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, რომ ისინი არ მივლენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ფარისევლობას მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“. ისინი პრეზიდენტს მიმართავენ სხვადასხვა საკითხზე და ახლა იმით, რომ მონაწილეობას არ იღებენ, აჩვენებენ უპატივცემულობას პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის მიმართ და აჩვენებენ საკუთარ დამოკიდებულებას სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების და საერთოდ პოლიტიკური კლიმატის მიმართ. ეს ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალა.
ჩემი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ კონფლიქტშია საბაზისო პრინციპებთან – დემოკრატიასთან და კანონის უზენაესობასთან იმით, რომ არ აღიარებენ არჩევნებს და სასამართლო გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება შერიგებას, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეურიგდეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.