პრემიერი: ჩვენი რეფორმების გზა დისციპლინირებულ, პროგნოზირებად და გაზომვად შედეგებზეა ორიენტირებული, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების უწყვეტობასა და ინვესტორების ნდობას, შედეგად, საქართველო კვლავ მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ადგილია

გლობალური გაურკვევლობებისა და რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველო მშვიდობისა და სტაბილურობის ურყევ საყრდენად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე”, საინვესტიციო პანელზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხანგრძლივი მშვიდობისა და მდგრადი პროგრესის მკაფიო ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, ქვეყანა განვითარების სტაბილურ გზაზე წინ მიიწევს — ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, აღწევს შთამბეჭდავ ზრდას და აჩვენებს განსაკუთრებულ ეკონომიკურ მდგრადობას.

„ეს მიღწევები პირდაპირ ასახავს მთავრობის ხედვასა და სტრატეგიას: რომ მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, ხოლო პროგნოზირებადობა, თავის მხრივ, საფუძველს უყრის მდგრად ეკონომიკურ ზრდას. 2021 წლიდან 2024 წლამდე ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი დააფიქსირა, წლიური საშუალო 9.4%. საქართველო კვლავ ძლიერ ტრაექტორიაზე რჩება 2025 წელს, საშუალოვადიანი ზრდა იქნება 5.1% მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ესეც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით.

ეს მაჩვენებელი ეფუძნება გონივრულ მაკროეკონომიკურ მართვასა და ყოვლისმომცველ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც სტაბილურობას, ისევე კონკურენტუნარიანობას. ჩვენი რეფორმების გზა დისციპლინირებულ, პროგნოზირებად და გაზომვად შედეგებზეა ორიენტირებული, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების უწყვეტობასა და ინვესტორების ნდობას. შედეგად, საქართველო კვლავ მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ადგილია, მისი სამართლებრივი, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო კი მუდმივად იღებს მაღალ შეფასებებს წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტებისგან. საქართველო თვალსაჩინოდ გამოირჩევა მსოფლიო ბანკის B-READY რეიტინგში — მეორე ადგილზეა ოპერაციული ეფექტურობის მიმართულებით და მესამე ადგილზეა მარეგულირებელი ჩარჩოს მხრივ — რაც ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ეფექტური ბიზნესპროცესებისა და მყარი მარეგულირებელი სტანდარტების მიმართ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო გლობალურად მესამე ადგილზეა გადასახადების ყველაზე დაბალი წნეხის მქონე ქვეყანებს შორის. საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის (IBP) მიერ 2023 წელს ჩატარებული „ბიუჯეტის ღიაობის კვლევის” (OBS) თანახმად, საქართველომ სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის რეიტინგში 100-დან 87 ქულა მიიღო და 125 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Back to top button