
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 145 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 850 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 353 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.
2026 წლის 9 თვეში დალუქულია 51 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 285 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 220, კახეთში – 193, იმერეთში – 166, სამცხე-ჯავახეთში – 89, გურიაში – 57, ქვემო ქართლში – 56, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 50, შიდა ქართლში – 42, მცხეთა-მთიანეთში კი – 38.
7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც – გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 8 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.