ოსმან ბოირაზი: ჩვენ გვინდა, რომ შუა დერეფანი იყოს ისეთი მარშრუტი, რომელიც არა მარტო სანდო და დასაყრდენი იქნება, არამედ – მეტად გამტარი და მეტი შესაძლებლობების მომცემი

თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ორმან ბოირაზის შეფასებით, შუა დერეფანი კიდე უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როგორც სანდო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის. ამის შესახებ ბოირაზმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე” ისაუბრა.

„შუა დერეფანი ნამდვილად გამოირჩევა უსაფრთხოებით და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. აქ საუბარია კასპიის ზღვის სატრანზიტო მარშრუტზე და ის სამი ათასი კილომეტრით უფრო მოკლეა, ვიდრე – ჩრდილოეთის მარშრუტი. კლიმატის მხრივაც, აქ უკეთესი პირობებია და გარდა ამისა, ეს არის სხვადასხვა ალტერნატიული ტრანსპორტის კომბინაცია. ამდენად, სადღაც თუ რაიმე შეზღუდვა იქნება, ამით მთელი დერეფანი არ პარალიზდება”, – აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა ვაჭრობა ევროპასა და ჩინეთს შორის. შესაბამისად, სატვირთო გადაზიდვებისა და ტრანსპორტირება მნიშვნელობაც გაიზარდა.

„ექსპორტი იზრდება არა მარტო ტემპის მხრივ, არამედ – ზოგადად სანდოობის თვალსაზრისითაც. თანმიმდევრული პოლიტიკითა და ინვესტიციებით მართლაც შეიძლება, რომ გასამმაგდეს გადაზიდული ტვირთის რაოდენობა და მოცულობა. ასევე პროგნოზი მეტყველებს იმაზე, რომ აღნიშნული დერეფანი მომავალში ნამდვილად მოიტანს სარგებელს. ამასთანავე, აღსანიშნავია გამტარუნარიანობის შესაძლებლობა და ამინდის პირობები”, – განაცხადა თავის გამოსვლაში ოსმან ბოირაზმა. მისი განმარტებით, კასპიის ზღვაში გარკვეული პირობების გამო შეიძლება დაყოვნება მოხდეს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ინფრასტრუქტურა მეტად გაძლიერდეს და მართვის მოდელი გამარტივდეს.

„შუა დერეფანი – ეს არის სანდო მარშრუტი, რადგან ის გადის რეგიონზე, სადაც გეოპოლიტიკური რისკები არ არის. ამიტომაც, ის შეიძლება იყოს მართლაც ყველაზე სანდო და დასაყრდენი დერეფანი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვაც და მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობაც. ჩვენ გვინდა, რომ შუა დერეფანი იყოს ისეთი მარშრუტი, რომელიც არა მარტო სანდო და დასაყრდენი იქნება, არამედ მეტად გამტარი და მეტი შესაძლებლობების მომცემი!”,- განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

Back to top button