
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სერბეთის რესპუბლიკის ადგილობრივი და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ნიკოლა სტოიანოვიჩს შეხვდა.
შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ამასთან, ხაზი გაესვა იმ პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიმდინარე კონსულტაციები და აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული ერთობლივი განცხადების გაკეთება.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება – 2025 წლის ივნისიდან რეისი თბილისსა და ბელგრადს შორის კვირაში სამი სიხშირით სრულდება. აღინიშნა, რომ პირდაპირი ფრენების დაწყებამ ხელი შეუწყო ტურისტული ვიზიტების ზრდას.
შეხვედრაზე ქართული მხარე მიესალმა სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, თბილისში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ საქართველოში სერბეთის მუდმივმოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დაახლოებას.