
„ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ALDE-ს მიმართვას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსისადმი საქართველოში კონკრეტული პირებისთვის შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ.
დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს გადაუხვიოს იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაუკვეთა.
„სამწუხაროდ, ეს ის ძალაა ევროკავშირში და იმ მმართველობით ელიტაში, რომელიც გვეუბნებოდა რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა დემოკრატიის პრინციპი და გამოხატვის თავისუფლებაა. როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ ელიტაზე ევროკავშირში, მსგავსი განცხადებები არ უნდა გვიკვირდეს. ალბათ ავიწყდებათ, რომ წლებია ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან არის პირდაპირი, უსამართლო თავდასხმების მსხვერპლი. მსხვერპლი კიდევ ხმამაღალი ნათქვამია, მათ თავდასხმების ქვეშ, ღმერთმა დაგიფაროს, რომ მათ თავდასხმის მსხვერპლად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა.
ნაკლებად გვაინტერესებს, განსაკუთრებით სახელისუფლებო გუნდს, მათ მიერ ეს უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო სანქციების პაკეტები წლიდან წლამდე თუ თვიდან თვემდე. ეს ძალიან კარგად იციან, ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით.
ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“, და ეს დაკვეთა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალაშია დღესაც. და ეს დაკვეთა არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის და, ყველაზე მთავარი, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.