მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელ ენდრიუ ჯუველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული თანამშრომლობა. საუბარი შეეხო ეკონომიკურ მაჩვენებლებს, არსებულ პროგნოზებს, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა იმ გეგმებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობას, რომლის თანახმადაც გაუმჯობესდება სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვა, გაგრძელდება ოპტიმიზაციის პროცესი, რამაც კომპანიებს მნიშვნელოვანი რესურსების დაზოგვის შეძლება მისცა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დეტალურად მიმოიხილავს საქართველოს ეკონომიკის დინამიკას და პროგრესს. ბოლო შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტიდან 7.2 პროცენტამდე გაზარდა, რაც არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

Back to top button