ინგა ფხალაძე: რეგიონული თანამშრომლობა აუცილებელია საერთო გამოწვევების დასაძლევად და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შესაქმნელად

„რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობა საქართველოს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, აქტიურად ვმუშაობთ საზღვრისპირა ელექტროენერგიით ვაჭრობისა და ქსელების ურთიერთდაკავშირების გასაძლიერებლად. ეს გაზრდის სისტემის მდგრადობას, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის უკეთ ინტეგრაციას და გაგვიხსნის ახალ ბაზრებს ელექტროენერგიის გაცვლისთვის. გვჯერა, რომ რეგიონული თანამშრომლობა აუცილებელია საერთო გამოწვევების დასაძლევად და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის შესაქმნელად, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ საერთაშორისო ფორუმზე „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის” (IFESD-14) სიტყვით გამოსვლისას.

ფორუმი გაეროს ხუთი რეგიონული კომისიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებითა და ჩრდილოერთ მაკედონიის ენერგეტიკის, სამთო და მინერალური რესურსების სამინისტროს მასპინძლობით ქალაქ სკოპიეში მიმდინარეობს.

როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა ენერგოპოლიტიკის პრიორიტეტია. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველო ახორციელებს პროექტებს ჰიდროენერგეტიკის, მზის და ქარის რესურსების ასათვისებლად, რაც ქვეყანას ეხმარება ნახშირბადის ემისიების შემცირებაში, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებასა და „მწვანე” სამუშაო ადგილების შექმნაში. ინგა ფხალაძის თქმით, ასევე ხორციელდება ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვის პროგრამები ენერგოინტენსიურ დარგებში.

ფორუმის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ჩრდილოეთ მაკედონიის ენერგეტიკის, წიაღისეულისა და მინერალური რესურსების მინისტრთან, სანია ბოჟინოვსკასთან, უნგრეთის სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ევროკავშირის საკითხებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში პეტერ ჰოლიცასთან, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მდგრადი ენერგეტიკის სამმართველოს ხელმძღვანელთან დარიო ლიგუტისთან და სხვა.

Back to top button