პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ზ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფიდან გასროლით შურისძიების მოტივით 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ . დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად თ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.კ. -ს კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ზ. ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Back to top button