
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი მ.გ. დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს დაპირდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას, რაშიც მოსთხოვა და გამოართვა 16 000 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.