The Washington Post: უკრაინამ პოკროვსკის ბრძოლაში უნდა აირჩიოს – საკუთარი ტერიტორიის შენარჩუნება თუ ადამიანების გადარჩენა

პოკროვსკი წინააღმდეგობის ბასტიონი იყო და რუსეთის მიერ მისი აღება პროპაგანდისტული გამარჯვება იქნებოდა, თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ უკან დახევის და მომავალი ბრძოლებისთვის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის დროა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ თავგანწირვით აგრძელებენ ბრძოლას ალყაშემორტყმულ აღმოსავლეთ ქალაქ პოკროვსკში პოზიციების შესანარჩუნებლად, მიუხედავად მიმდინარე დებატებისა იმის შესახებ, უნდა გადადგან თუ არა მათ უკან დახევის ტაქტიკური ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია სიცოცხლეების გადარჩენა, მაგრამ, ამავე დროს, რუსეთისთვის პროპაგანდისტული გამარჯვების უზრუნველყოფა.

უკრაინა თითქმის ორი წელია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის წინსვლას პოკროვსკისკენ და უფრო მეტად არ თმობს ტერიტორიებს იმ ფონზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოუწოდებს თეთრ სახლს, ზეწოლა მოახდინოს კიევზე, ​​რათა დონეცკის მთელი რეგიონის დათმობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს.

სტატიის თანახმად, პოკროვსკის დატოვებამ – თუნდაც ახლომდებარე პოზიციების გასამყარებლად – შესაძლოა, რუსეთი მორალურად გააძლიეროს და ეს გამოყენებული იქნეს არაპროგნოზირებად თეთრ სახლზე გავლენის მოხდენისთვის. თუმცა, ქუჩის ბრძოლების მიმდინარეობისას ქალაქში დარჩენა უკრაინული ჯარისა და აღჭურვილობისთვის დიდ რისკებს შეიცავს, რადგან შესაძლოა, დანაკარგებიც დიდი იყოს, რაც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის, რომელიც ცოცხალი ძალის მნიშვნელოვან დეფიციტს ისედაც განიცდის.

The Washington Post -თან საუბრისას, მიკოლა ბიელიესკოვმა, სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარმა და უკრაინული არაკომერციული ორგანიზაციის Come Back Alive-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, განაცხადა, რომ კიევი „ძალიან რთული დილემის წინაშე დგას“. პოკროვსკში სამხედრო სიტუაციის გაუარესების გამო, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მაღალჩინოსნებს „ჯარების შენარჩუნებაზე უნდა ეფიქრათ“. თუმცა, ბიელიესკოვი იმასაც ამბობს, რომ „პოლიტიკურად რთულია, სუვერენული ტერიტორიებიდან გასვლა იმის ცოდნით, რომ ეს შეიძლება რუსეთისთვის დიპლომატიური სტიმული იყოს“.

სტატიის თანახმად, პოკროვსკზე რუსეთის კონტროლის დაწესებამ, ასევე შეიძლება გზა გაუხსნას რუსეთის წინსვლას უკრაინის დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებისკენ, რომლებიც ნაკლებად დაცულია.

არსებულ დილემას ართულებს რუსეთის მიერ აღმოსავლეთის სხვა ქალაქების აღების მტკივნეული ისტორია, მათ შორის ბახმუტი 2023 წელს და ავდეევკა 2024 წელს, სადაც უკრაინამ უზარმაზარი დანაკარგები განიცადა რუსეთის წინსვლისას. რუსეთის მხარეს რაც შეეხება, სტატიის მიხედვით, უზარმაზარი დანაკარგები მოსკოვისთვის უფრო ადვილი გადასალახავი იყო, გაცილებით დიდი მოსახლეობის გამო, რამაც ფრონტის ხაზისთვის ჯარისკაცების მოძიება გაცილებით გაამარტივა.

თუ პოკროვსკი დაეცემა, ეს იქნება ყველაზე დიდი ქალაქი, რომელსაც რუსეთი ბახმუტის შემდეგ დაიპყრობს.

უკრაინა აღიარებს, რომ ქალაქის შიგნით ბრძოლა რთულია. გასულ კვირას ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული ძალები უკრაინელებს რიცხობრივად 8-1-ის თანაფარდობით აჭარბებენ. თუმცა, ის ამტკიცებს, რომ რუსული ცნობები იმის შესახებ, რომ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი ალყაში მოაქცია, მცდარია და რომ მოსკოვს „ბოლო დღეებში მნიშვნელოვანი წარმატებები არ ჰქონია“, მაშინაც კი, როდესაც პოკროვსკი „ყველაზე ცხელი ფრონტი“ იყო, რომელიც ფრონტის ხაზის აქტივობის თითქმის მესამედს შეადგენდა.

„ამ ეტაპზე, უკრაინულმა ძალებმა უკან უნდა დაიხიონ და არა ეცადონ, რომ ჩამონგრეულ ქვაბში დარჩნენ“, – განაცხადა მაიკლ კოფმანმა, კარნეგის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, რომელიც უკრაინის კონფლიქტს სწავლობს და ახლახან პოკროვსკის მახლობლად ჯარებსაც ეწვია.

გამოცემის ინფორმაციით, პოკროვსკის დაკარგვა კიევისთვის დარტყმა იქნება, მაგრამ ეს თამაშის წესებს არ შეცვლის.

The Washington Post ციტირებს კოფმანს, რომელიც აცხადებს, რომ პოკროვსკის აღება რუსულ ძალებს დაეხმარება „შეტევის ერთ-ერთი მთავარი ხაზის გაფართოებაში, დონეცკის დარჩენილი ძირითადი ქალაქების მოცვის მიზნით“, მაგრამ ამასთანავე, მიიჩნევს, რომ ეს არ გამოიწვევს საერთო თავდაცვის კოლაფსს, ვინაიდან, „საბოლოო ჯამში, პოკროვსკი უბრალოდ კიდევ ერთი სექტორია“.

Back to top button