ბიზნესმენი ირაკლი ბურდილაძე: ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია, განსაკუთებით ისეთი მასშტაბური, როგორიც არის Eagle Hills-ის შემთხვევაში გაცხადებული თანხა, ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან პოზიტიურ გავლენას იქონიებს

ბიზნესმენ ირაკლი ბურდილაძის აზრით, ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია, განსაკუთებით ისეთი მასშტაბური, როგორიც არის Eagle Hills-ის შემთხვევაში გაცხადებული თანხა, ძალიან პოზიტიურ გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე.

„უცხოური ინვესტიციები ნებისმიერი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, ხშირ შემთხვევაში პატარა ქვეყნებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ტემპის მომატებაში უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია, განსაკუთებით ისეთი მასშტაბური, როგორიც არის Eagle Hills-ის შემთხვევაში გაცხადებული თანხა, ძალიან პოზიტიურ გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ამის გარდა ხელს შეუწყობს მომიჯნავე სექტორების განვითარებას“, – განაცხადა მან.

ქართველი ბიზნესმენის აზრით, მსგავსი ინვესტიციებით ერთგვარი მიზიდულობის ცენტრები იქმნება. „ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ხაზი გავუსვათ იმას, რომ მსგავსი ინვესტიციებით იქმნება ერთგვარი მიზიდულობის ცენტრები. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი მიზიდულობის ცენტრების განვითარება, რომელთა ირგვლივაც შემდგომში ადგილობრივი ბიზნესი ბევრ ახალ და საინტერესო იდეას განახორციელებს“, – დასძინა ბურდილაძემ.

უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე საუბრისას, ბურდილაძემ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების მაგალითი გაიხსენა.

„ჩვენ გვაქვს არაერთი მაგალითი იმისა, თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა უცხოური ინვესტიციები საქართველოში. განსაკუთრებით კარგად ეს ჩანს ფინანსური სექტორის მაგალითზე. თუ ჩვენ შევხედავთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციებს, ვნახავთ, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალია, და მათი ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს წარმატებულად განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მაგალითები და ეს არის სწორედ ის, რაც აძლევს სტიმულს სხვა უცხოელ ინვესტორებს შემოვიდნენ ქვეყანაში და განახორციელონ დამატებითი ინვესტიციები“, – თქვა მან.

Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიცია და სამშენებლო-დეველოპერული სექტორის შეფასებები სრულად იხილეთ გადაცემაში.

Back to top button