
Elt Building-ის დამფუძნებლის, ელგუჯა თურმანიძის შეფასებით, Eagle Hills-ის შემოსვლა ძალიან დაეხმარება საქართველოს, მათ შორის, კონკრეტულად, სამშენებლო დეველოპერულ ბიზნესში მოღვაწე კომპანიებსა თუ თანამდევ სხვა ბიზნესებს ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში და, შესაბამისად, ახალი, არატრადიციული ბაზრებიდან კონკრეტული ინვესტორების შემოდინებაში.
„როცა ასეთი რეპუტაციული კომპანია, ასეთი დიდი ინვესტიციით რომ შემოდის საქართველოში, რა მოცულობის ინვესტიციაც მას სხვაგან არ განუხორციელებელია, მე ვფიქრობ, ამაზე ნეგატივის აგორება გაუჭირდებათ. სამშენებლო დეველოპერულ ბიზნესში, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, მე არ მახსოვს ასეთი მასშტაბის ინვესტიცია განხორციელებულიყო. როგორ შეიძლება ამ მოცულობის ლეგალური ინვესტიცია, რომელიც იქნება სწორად მართვადი, იყოს ქვეყნისთვის ცუდი?“, – განაცხადა თურმანიძემ.
მისი თქმით, ეს იქნება მაღალი მსყიდველუნარიანი მყიდველების, ინვესტორების შემოდინების მასტიმულირებელი ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ახალი ბაზრებიდან.
„ეს არის მაღალმსყიდველუნარიანი, პირობითად, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც ბრიტანეთის, ისე ამერიკის და სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები – გვეძლევა საშუალება, რომ მათ ჩვენი თავი, რეგიონი გავაცნოთ. ეს იქნება მაღალი მსყიდველუნარიანი მყიდველების, ინვესტორების შემოდინების მასტიმულირებელი ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა თურმანიძემ.
თურმანიძემ ხაზი გაუსვა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ნეგატიურ დამოკიდებულებას Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიციისადმი, მათ შორის, გონიოში დაგეგმილ პროექტს. „მახსოვს, ჯერ კიდევ 2005 წლიდან ვლამობდით, აჭარის შემთხვევაში, ე. წ. გონიოს სამხედრო პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოსულიყო 2 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია და დღემდე ეს ვერ განხორციელდა. ახლა განხორციელდა და არ მოგვწონს, ცოტა უცნაურია“, – აღნიშნა თურმანიძემ.