ირაკლი კვერღელიძე: Eagle Hills-ის შემოსვლა საქართველოში არ არის მხოლოდ რაიმე სამშენებლო პროექტი – ეს არის მძლავრი სიგნალი იმ ბევრი უცხოელი ინვესტორისთვის, რომელიც პოტენციურად განიხილავს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას

„Eagle Hills-ის შემოსვლა საქართველოში არ არის მხოლოდ რაიმე სამშენებლო პროექტი, რაიმე კონკრეტული ობიექტის აშენება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მძლავრი სიგნალი იმ ბევრი უცხოელი ინვესტორისთვის, რომელიც პოტენციურად განიხილავს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას“, – განაცხადა გადაცემაში Business Insider Georgia ბიზნესმენმა ირაკლი კვერღელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების ფარგლებში ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე შემდგომი ოპერირების განმავლობაში.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ბევრი ადამიანისთვის, რომელიც ქვეყნის გარეთ არის დღეს გასული სამუშაოდ, ფაქტობრივად, იქნება მნიშვნელოვანი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რომლებიც თავის მხრივ, ქვეყნის გარეთ შრომით მიგრაციას შეამცირებს და პირიქით – დააბრუნებს ამ ადამიანებს ქვეყანაში.

ყველა იმ საერთაშორისო კომპანიისთვის, პარტნიორისთვის, რომელიც დღემდე ჩვენთან თანამშრომლობს, ეს არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი, რომელიც ერთი ორად გვიადვილებს მათთან კომუნიკაციას. სწორედ ასეთი ინვესტიციების ხარჯზე განვითარდა ყველა წამყვანი სახელმწიფო. არავინ იკიდებს ზურგზე არც მიწის ნაკვეთს, არც იმ პროექტს, იგი რჩება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება. ჩვენი მოქალაქეები დასაქმდებიან.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ პროექტის პოზიტივი იმდენად დიდია, რომ ნეგატივზე საუბარი მეზედმეტება“, – განაცხადა კვერღელიძემ.

ბიზნესმენი ასევე აღნიშნავს, რომ მომგებიან პროექტში სახელმწიფოს 33%-იანი წილი ნიშნავს შემოსავალს სახელმწიფოსთვის.

„მეორე მომენტი არის ის, რომ იქნება მრავალმილიარდიანი ეკონომიკური აქტივი, რომელიც ასევე ქონების გადასახადის სახით დაუბრუნდება სახელმწიფოს უკვე რეგულარული გადასახადების კუთხით.

პროექტის მომგებიანობიდან გამომდინარე სახელმწიფო ასევე მიიღებს შესაბამის გადასახადებს და შემდგომში ოპერირების დროს მიღებული გადასახადებიც იქნება პირდაპირი შემოსავალი ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის.

მათემატიკურად რომ დავთვალოთ, ის რამდენიმე წელი, რაც დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას, ყოველწლიურად მინიმუმ 3-4%იანი ეფექტის მქონე იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, იმ მაჩვენებელზე დამატებით, რომელიც დღესდღეობით ქვეყანას ისედაც შთამბეჭდავი აქვს და გამოარჩევს მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან“, – განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.

კომპანია Eagle Hills-ის $6,5 მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიციის შესახებ სამშენებლო-დეველოპერული სექტორის სრული შეფასებები იხილეთ გადაცემაში Business Insider Georgia.

Back to top button