სალომე ზურაბიშვილი: ბევრი მინისტრი იძულებულია, გაჩუმდეს, ვხედავთ, რამდენი მათგანია კორუფციის მხილების ქვეშ, თვით ღარიბაშვილი, როცა მას ჰქონდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ცდილობდა, დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით ევროპულ გზას

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან და ვახო სანაიასთან ერთობლივი ინტერვიუს დროს ევროინტეგრაციაზე საუბრისას კორუფციის თემებიც ახსენა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მაგალითად, მინისტრები, იძულებული არიან, გაჩუმდნენ, რადგან ისინი „კორუფციის მხილების ქვეშ არიან და ელოდებიან, ხვალ რა და როგორ მოხდება“.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილიც კი ცდილობდა, დაერწმუნებინა ევროპელი პარტნიორები, რომ საქართველო არ სცილდებოდა ევროპულ გზას.

„ის 80 პროცენტი, რომელიც მუდმივად ევროკავშირის მომხრედ აისახებოდა სხვადასხვა კვლევაში, არსად წასულა. როგორც პროტესტი არსად წასულა, ეს ხალხიც არსად წასულა. თუნდაც ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მინისტრებიც და სხვებიც, შიგნით რამდენს უნდა რუსეთი? რამდენი არის ვალდებული, რომ გაჩუმდეს, რაღაცები მიიღოს და რამდენს უნდა საქართველოს ორიენტაციის ეს ცვლილება და რამდენს არ უნდა, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული, ნორმალური, დემოკრატიული ევროპული ქვეყანა, მე ვიტყოდი, რომ ასეთი ძალიან ცოტაა, რომელიც თავისი ნებით ამ გზას აირჩევდა, მაგრამ სხვადასხვა მოცემულობა არის ისეთი, რომ არიან ძალიან დიდი პრესის ქვეშ და ვხედავთ, რამდენი მინისტრი არის დღეს კორუფციის მხილებების ქვეშ და ელოდება, ხვალ რა და როგორ მოხდება. თვით ღარიბაშვილი, როცა ჰქონდა მას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სანამ თვითონ დადიოდა, ძალიანაც ცდილობდა, რომ დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით იმ [ევროპულ] გზას, თუნდაც ამ რეფორმებს არ ვასრულებდით, რაც დაკისრებული გვქონდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Back to top button