
ამ ბიუჯეტში, რომელიც უკვე გავიარეთ, არის 3 მილიარდი ლარით გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტი და 2 მილიარდ-ნახევრით არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს ზრდა არის ყველა მიმართულებით, არ არსებობს არც ერთი სამინისტრო, რომელსაც თანხა არ მოემატა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
კვიჟინაძის განცხადებით, საქართველოს ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.
„ამის გარდა, ეს არის ხელფასების 10%-იანი ზრდა საჯარო სექტორში, პენსიების, შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების. ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. მე შემიძლია ოქტომბერში სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გაგახსენოთ, სადაც [საქართველო] ეკონომიკური ზრდით პირველ ადგილზეა, როგორც კანდიდატ ქვეყნებში, ისე ევროპის წევრ ქვეყნებში, მთავრობის ვალის სიმცირით მე-6 ადგილზეა ევროპის ქვეყნებში და მე-3 ადგილზე კანდიდატ ქვეყნებს შორის. დავამატებ კიდევ ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც მნიშვნელოვანია, აქაც საქართველო მე-8 ადგილზეა ევროკავშირის უკვე წევრ ქვეყნებსა და მე-2 ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის ძალიან პრინციპული ჩვენთვის“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.