ირაკლი ნადარეიშვილი: „იგლ ჰილსის” საქართველოში შემოსვლა მეტყველებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ შეძლო და ძალიან რთული გეოპოლიტიკური მოცემულობის მიუხედავად, მშვიდობა შეინარჩუნა

„კომპანია „იგლ ჰილსის” შემოსვლა საქართველოში, უპირველესად, ნიშნავს იმ პოლიტიკის ეფექტურობის და მიზნობრიობის აღიარებას, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს – განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოში უპრეცედენტო, $6,5 მილირდზე მეტი საინვესტიციო პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას.

ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ უმსხვილესი არაბული დეველოპერული კომპანიის მიერ საქართველოში ორი პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება მეტყველებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ შეძლო და ძალიან რთული გეოპოლიტიკური მოცემულობის მიუხედავად, მშვიდობა შეინარჩუნა. ამასთანავე, მისი შეფასებით, ეს იმის აღიარებაცაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის ბოლო წლებში არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

„ეს ალბათ ასევე იმ ძალისხმევის დადასტურება და აღიარებაა, რომელსაც სახელმწიფო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ახორციელებს და რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ინვესტორებთან. საქართველო უნიკალური ქვეყანაა – ასეთი ზომის ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მსოფლიოს მესამედთან, წლების განმავლობაში ლიდერობს ყველა საერთაშორისო რეპუტაბელურ რეიტინგში, რომლებიც აფასებს ბიზნესის კეთების სიმარტივეს, საინვესტიციო გარემოს, ბიუჯეტის გამჭვირვალობას, მთავრობის ეფექტურობას, საგადასახადო რეგულატორულ გარემოს და ა.შ”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება კონკრეტულად „იგლ ჰილსის” პროექტს, ირაკლი ნადარეიშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს ნამდვილად რეკორდული ზომის ინვესტიციაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ოდესმე განხორციელებულა. თუმცა, მისი შეფასებით, გარდა ინვსტიციის ოდენობისა, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბუნება, შინაარსი და ის ფაქტი, რომ მის უკან მსოფლიო დონის ინვესტორი, უძრავი ქონების დარგში გლობალური ტრენდების შემქმნელი მოჰამედ ალაბარი დგას.

„მოჰამედ ალაბარი არის ადამიანი, რომლის სახელს და გვარს უკავშირდება უნიკალური პროექტები – მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროების გარდა, პროექტები ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველოში შემოსვლა იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, ისევე როგორც ორი პროექტის განხორციელება. მისი გადაწყვეტილებები საინვესტიციო ნაწილშიც ტრენდულია და დარწმუნებული ვარ და უკვე ასეც არის – შედეგად საქართველო გაჩნდა ბევრი ინვესტორის თვალსაწიერში და რუკაზე, რის ეფექტსაც ძალიან მალე დავინახავთ”, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

Back to top button