საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში ჩამოყალიბდა მკაფიო მიმართულებები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სხვა სფეროებს, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა ურთიერთნდობა, რომელიც დამყარებულია ხალხების ისტორიულ მეგობრობაზე.
„მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობების ადამიანურ და ემოციურ სფეროს. ეს ეხება არა მხოლოდ ჩემსა და ბატონ ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებს, არამედ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის. ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ოფიციალური, არამედ ადამიანური ურთიერთობა. ჩვენ ეს ნდობა უნდა გავაღრმავოთ. სომხეთისა და საქართველოს ხელმძღვანელების შეხვედრები პერიოდულია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ურთიერთობების მრავალი სფერო განვიხილოთ. წელს მე და ბატონი პრემიერი უკვე ოთხჯერ შევხვდით. მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა და ეს საფუძველია იმისა, რომ შევძლოთ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი დონის განსაზღვრა და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციული დონე უფრო ავამაღლოთ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას სომხეთის დელეგაციის მაღალ დონეზე მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მუშაობას”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.