პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს, შპს „სამშენებლო კომპანია №1“-ს და სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, გაფორმდა ხელშეკრულება სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარე უნივერსიტეტის პროფესიული კოლეჯის სრული რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლის ღირებულებაც 6 632 130 ლარს შეადგენდა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, კომპანიის ხელმძღვანელებმა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, ინსპექტირების განმახორციელებელ პირთა ხელშეწყობით, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით უსაფუძვლოდ გაზარდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობა, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ პროექტისთვის გამოყოფილ 661 163 ლარს. ვინაიდან სამუშაოები სრულდებოდა მხარეთა შორის შეთანხმებული ვადების მნიშვნელოვანი დარღვევით, ხელშეკრულება შეწყდა. შეწყვეტის მომენტისათვის კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ჰქონდა 3 432 520 ლარი.

აღნიშნულ ფაქტზე, მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს.

ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, ხოლო ორ პირს – 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა (თაღლითობაში დახმარება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

Back to top button