
„ნოემბერში, წლიური ინფლაციის ტემპმა გასულ თვესთან შედარებით (5.2%) დაიკლო და 4.8% შეადგინა, ხოლო თვის ინფლაცია 0.4%-ს გაუტოლდა. როგორც ნოემბრის დასაწყისში ინფლაციის შეფასებისას აღვნიშნე, წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. ნოემბრის ინფლაციაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი 3.5 პპ (პროცენტული პუნქტი) იყო. ამ ჯგუფის წონა საქართველოს სამომხმარებლო კალათაში დიდია (34.5%) და შესაბამისად, მისი ფასების ცვლილების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია“, – წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, ინფლაციის შემცირების ტენდენცია მიანიშნებს, რომ მომავალ წელს ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან დონესთან დაბრუნდება.
„ინფლაცია არ არის მხოლოდ მაკროფაქტორი. იგი ეხება ბიზნესსაც და რიგით ადამიანებსაც, რადგან გაზრდილი ფასები ერთნაირად მოქმედებს ბიზნეს ხარჯებზეც და ადამიანთა ჯიბეზეც ანუ მათ გუნება-განწყობაზე. ამიტომ არის, რომ ინფლაცია ზოგჯერ სპეკულირებისთვისაც საკმაოდ მსუყე ლუკმა.
ნოემბერში, წლიური ინფლაციის ტემპმა გასულ თვესთან შედარებით (5.2%) დაიკლო და 4.8% შეადგინა, ხოლო თვის ინფლაცია 0.4%-ს გაუტოლდა. როგორც ნოემბრის დასაწყისში ინფლაციის შეფასებისას აღვნიშნე, #წელს წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. ნოემბრის ინფლაციაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წვლილი 3.5 პპ (პროცენტული პუნქტი) იყო. ამ ჯგუფის წონა საქართველოს სამომხმარებლო კალათაში დიდია (34.5%) და შესაბამისად, მისი ფასების ცვლილების გავლენა ინფლაციაზე მნიშვნელოვანია.
ამასთან, სურსათის ფასებს, სეზონურობის და კლიმატური პირობების ცვალებადობის გამო, დიდი მერყეობაც ახასიათებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო, აქედან გამომდინარე, წელს, სურსათის ინფლაციის ზრდა ნაწილობრივ საბაზო ეფექტს უკავშირდება.
ამავდროულად, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულზე ფასების მატება ადგილობრივ ფაქტორებთან ერთად, სურსათის ინფლაციას დამატებით ზრდის. ნოემბერში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში აღსანიშნავი იყო ზოგიერთი სურსათისთვის (მანდარინი, კივი, ყველი, პომიდორი) დამახასიათებელი სეზონური მერყეობა, როგორც ფასების ზრდის, ასევე კლების მიმართულებით. პურის და ზეთის გაძვირებამ თვის ინფლაცია ჯამში 0.2 პპ-ით გაზარდა. თავის მხრივ, ზეთის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ბოლო თვეებში მზესუმზირას ზეთის გაძვირებას უკავშირდება.
წლიურ ჭრილში, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა.
ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა. ადგილობრივი ინფლაციის ზრდას დიდწილად პურისა და ყველის ფასების ზრდა განაპირობებს. შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია 5.8% იყო. აქ ყველაზე დიდი წვლილი ზეთს, კარტოფილსა და შოკოლადს აქვს, ხოლო იმპორტირებულმა ინფლაციამ 0.8% შეადგინა.
ნიშანდობლივია, რომ ინფლაცია მაღალი იყო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებშიც, რომლებიც ამავდროულად ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია. თუ საქართველოში წლიური ინფლაცია ნოემბერში მიზნობრივზე(3%) მაღალი იყო – 4.8 % იყო, სომხეთში 3.1 % , ანალოგიურ პერიოდში ბულგარეთში 5.3 %, რუსეთში 6.9 %, თურქეთში მიუხედავად შემცირებისა, კვლავ მაღალია და 31 % შეადგენდა, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო აზერბაიჯანში წლიური ინფლაცია 5.9 % იყო, რაც ასახავს ფასების გარკვეულწილად უფრო ძლიერ ზეწოლას და გარკვეულწილად ინფლაციის იმპორტსაც ჩვენს შემთხვევაში.
ინფლაციის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს საბაზო ინფლაციის მაჩვენებელს, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს. ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობა იძლევა ინფლაციის შეფასების დამახინჯებულ სურათს, რასაც ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების ნაწილი არ ითვალისწინებს ან შეგნებულად არ აქცევს ყურადღებას, ამ დროს საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია შედარებით გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის შესაფასებლად.
მთლიანი ინფლაცია კი გაიზარდა დროებით, მაგრამ საბაზო ინფლაცია, მომსახურების ფასების ინფლაციასთან ერთად არ გაზრდილა და კვლავ სტაბილურად მიზნობრივ 3%-ს ქვემოთაა, ხოლო ნოემბერში საბაზო ინფლაციამ 2.3% შეადგინა. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, მიზნობრივზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ნოემბერში 2.6%-ს გაუტოლდა.
შედარებისთვის ევროზონის ქვეყნებს მთლიანი ინფლაცია მიზნობრივთან ახლოს აქვთ, რაც 2.1% შეადგენს (მიზნობრივი 2%-ია), თუმცა ამავდროულად მომსახურების ფასების ინფლაცია 3 – 4 პროცენტს შორის მერყეობს.
სწორედ, მომსახურების ფასები არის უტყუარი ინდიკატორი თუ რამდენად არსებობს ინფლაციის შემდგომში გამძაფრების რისკი. ნოემბერში, წლიური ინფლაციის ტემპის შემცირება მომსახურების ინფლაციის დაბალ მაჩვენებელთან ერთად აჩვენებს ინფლაციური ტრენდის გარდატეხასაც შემცირების მიმართულებით.
გასულ პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში ჩვენ მოვისმინეთ არაერთი უსაფუძვლო კრიტიკა სების და მისი პრეზიდენტის მისამართით, მონეტარული პოლიტიკის „ჩავარდნაზე“ და ინფლაციის მორიგ „გაქცევაზე“. პროგნოზი კი რომელიც გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ – წლის ბოლოსკენ ინფლაციური ტრენდის გარდატეხაზე, ამჯერადაც აღმოჩნდა სწორი.
ამასთან, ინფლაციური პიკის გადავლა, მისი შემცირებისაკენ მიანიშნებს უკვე მომავალი წლისათვის მის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნებასაც და რაზეც ინფლაციური მოლოდინების დაბალ დონეზე შენარჩუნებაც მეტყველებს.” – წერს ცუცქირიძე.