შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ბრალდებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ფაქტზე 1977 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ცვლის მეთაურმა – მ.ხ.-მ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ცეცხლაურში, ქარსაცავ ზოლში, უკანონოდ გაჩეხა და დაამზადა კრიპტომერიის ჯიშის ხე-მცენარე, რითაც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

სამართალდამცველებმა, უკანონოდ გაჩეხილი მერქნიანი მცენარისგან დამზადებული მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button